გოცირიძე: ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან ჩამოცილება კანონდარღვევაა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის, საბჭოს საქმიანობიდან ჩამოცილება კანონდარღვევაა. მისი შეფასებით, ამან შესაძლოა ბანკის სამომავლო გადაწყვეტილებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
გოცირიძე წერს: „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთეს. ეს უხეში კანონდარღვევაა და ამან შესაძლოა ეროვნული ბანკის სამომავლო გადაწყვეტილებებზე სავალალოდ იმოქმედოს. ასეთ სანქციას კანონი არ ითვალისწინებს“.
მისი განმარტებით, კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ამომწურავად განსაზღვრავს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეზღუდვის ფარგლებს. საბჭოს არ აქვს უფლება, წევრს დროებით ან მუდმივად შეუჩეროს სტატუსი ან საზედამხედველო საქმიანობა. მას შეუძლია წევრი მხოლოდ კონკრეტული საკითხის განხილვისა და კენჭისყრის პროცესს ჩამოაცილოს, ისიც მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. გოცირიძის თქმით, უფლებამოსილების დროებით შეჩერების ნორმა კანონში არ არსებობს და კანონი მხოლოდ ორ მდგომარეობას იცნობს: მოქმედ უფლებამოსილებას ან მის ვადამდე შეწყვეტას.
გოცირიძე მე-10 მუხლზე მიუთითებს: საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი ორგანო პარლამენტია, ხოლო გადაყენების საფუძვლები ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ამომწურავადაა ჩამოთვლილი. ესენია გამამტყუნებელი განაჩენი, ქმედუუნარობა, 3 თვის განმავლობაში მოვალეობის შეუსრულებლობა, ინტერესთა შეუსაბამობა ან პირადი განცხადება. მისი თქმით, სანამ პარლამენტი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საბჭოს წევრი სამართლებრივ სტატუსს ინარჩუნებს, ხოლო საბჭოს შიდა კენჭისყრით სტატუსის ჩამორთმევა ან საქმიანობის სრული ბლოკირება პირდაპირი კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტებაა.
ერთადერთ ლეგიტიმურ მექანიზმად გოცირიძე კონკრეტულ საკითხზე აცილებას ასახელებს. ეს, მისი თქმით, ეხება შემთხვევას, როცა დღის წესრიგის საკითხი საბჭოს წევრის ან მისი ოჯახის წევრის პირად, ფინანსურ ან ქონებრივ ინტერესს უკავშირდება. ამ დროს მოქმედებს მე-13 მუხლი და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ აცილების ნორმები. წევრს შეუძლია თავად განაცხადოს თვითაცილება. თუ ის ამას არ აკეთებს, მაგრამ ინტერესთა შეუსაბამობაზე დასაბუთებული ეჭვი ან მტკიცებულებაა, საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრს შეუძლია აცილების საკითხი დააყენოს. საბჭო კენჭს უყრის მოთხოვნას და ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით წევრი მხოლოდ ამ კონკრეტული საკითხის კენჭისყრას ჩამოშორდება. მომდევნო საკითხებზე ის სრული უფლებით აგრძელებს მსჯელობასა და ხმის მიცემას.
გოცირიძის თქმით, თუ საბჭომ მაინც გადააჭარბა უფლებამოსილებას და წევრს უკანონოდ შეუჩერა უფლებამოსილება, საბჭო თავად გახდება კანონდამრღვევი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპეტენციის გადაცილებით მიღებული აქტი ბათილია, საბჭოს კი პარლამენტის ფუნქცია არ აქვს და წევრს უფლებამოსილებას ვერ ჩამოართმევს.
მისი შეფასებით, თუ საბჭო „უკანონოდ ჩამოცილებული“ წევრის გარეშე გააგრძელებს სხდომებს, „დეფექტური შემადგენლობით“ მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილება ბათილობის სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. გოცირიძე წერს: „ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება“.









