ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

2026 წლის 3 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია.
უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.
„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
სუს-ის თანახმად, ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.









