პოლიტიკა

ტუღუში: ხელისუფლება ნგრევაში რეკორდებს ხსნის, ციხეების ახალი ისტორიები დამანგრეველია

ტუღუში: ხელისუფლება ნგრევაში რეკორდებს ხსნის, ციხეების ახალი ისტორიები დამანგრეველია

„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნგრევაში რეკორდებს ხსნის, ხოლო გაფუჭებაში შეიძლება გინესის წიგნში შევიდნენ. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გააკეთა.

ტუღუშის შეფასებით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სიტუაცია ძალიან ცუდია. მისი თქმით, უკუსვლა სამართლებრივი ჩარჩოდან და კანონებიდან დაწყებული, პრაქტიკით დამთავრებული, ყველგანაა და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.

„უკუსვლა არ ჩერდება, კიდევ და კიდევ მივდივართ უკან. ზღვარი არ ჩანს და სად გაჩერდება, ძნელი სათქმელია. ვითარება რთულია. ახალი ისტორიები ციხეებში დამანგრეველია, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს არ არის უბრალო ამბები. ვიღაცები ერთობიან და ხუმრობენ კიდეც, ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ძალიან მძიმედ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, ამაში დარწმუნებული ვარ“, - თქვა ტუღუშმა.

მისივე განმარტებით, ამაში დარწმუნებულები არიან საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან „ეს ოპერა უკვე ნამღერია“. ტუღუშის თქმით, ეს ახალი არ არის და გაკვირვებული არ არიან, რადგან მსგავსი სიტუაციები ბევრგან ყოფილა და ყველგან ერთი სცენარით დასრულებულა.

ტუღუში ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დასრულდება, საკითხავია, ამ ნანგრევებში რამდენი მოჰყვება. ნგრევაში იგი სახელმწიფოს ნგრევას, ქვეყნის რეპუტაციისა და მდგომარეობის გაუარესებას გულისხმობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა დამბლადაცემულს ემსგავსება. მისი თქმით, ამის შედეგია ცინიკური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ეთანხმება ან არ იზიარებს ხელისუფლების ქმედებებს.

პოზიტიურ მოქმედებებზე ტუღუშმა თქვა, რომ საქმე ძალიან რთულადაა, რადგან „არაფერი არ არის“. მისი თქმით, თუ ძალით მოინდომებ და ეცდები დაინახო, რა გაკეთდა, ძნელია რაიმეს დასახელება. ამასთან, მან იკითხა, შეუძლია თუ არა ვინმეს დაასახელოს, რომ სადმე პოზიტიური დინამიკაა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ