სამადაშვილი: დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის გზა დემოკრატიის დაბრუნებაა

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას თქვა: „როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ“.
სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოხმაურა. პაპუაშვილმა თქვა: „ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო!“ სამადაშვილის შეფასებით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის ფურცელზე, როდესაც ქვეყანა რუსეთს ემსახურება და არა საკუთარ ხალხს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ამომრჩეველი ბრიყვად მიაჩნია და ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში არავის ჰქონია. სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას აწუხებს ის, რომ ამომრჩევლის უმრავლესობას, მათ შორის წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მიცემულ ხმებსაც, აქვს არჩევანი გაკეთებული, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში უნდა იყოს.
სამადაშვილმა თქვა, რომ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ ქაღალდზეა. მისი განმარტებით, სახელმწიფო ქაღალდზეა ქვეყანა, რომელიც სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებს. სხვა შემთხვევაში საქართველო გაწევრიანების პროცესში მოწინავე ქვეყანა იქნებოდა.
ევროპარლამენტის როლზე მან აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ხშირად არის ყინულმჭრელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგალითად დაასახელა ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი. სამადაშვილის თქმით, ყველა ამ საკითხზე რეზოლუციას პირველი ევროპარლამენტი იღებდა, რადგან იქ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა უფრო მარტივია, ვიდრე ევროპულ საბჭოში. ხშირად საჭირო იყო რამდენიმე რეზოლუციის მიღება, სანამ საქართველო მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მოსალოდნელ დასანქცირებაზე სამადაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება პოლიტიკის ერთადერთი სწორი ფორმაა. მისი თქმით, ის თავად სამართლიან, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს ითხოვს და სანქცირება არაფერში სჭირდება. ამ რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველოს რეჟიმი მართავს.
სამადაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ 200-ზე მეტი ადამიანის სანქცირებულთა სიიდან ამოღება და ივანიშვილის სიაში დატოვება ნათელი სიგნალია, რომ ბერკეტი მათ ხელშია, ვინც საქართველოში დემოკრატიული პროცესის გაუქმება გადაწყვიტა. მისი თქმით, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ერთადერთი გზა კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაა: პოლიტპატიმრების საკითხი, რეპრესიული კანონმდებლობის გადახედვა და გაუქმება და დემოკრატიული პროცესის დაბრუნება.









