დონაძე: ეროვნული ბანკის რეპუტაცია ყეინიშვილის საქმის გამო ბოლომდე გაცამტვერდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის რეპუტაცია, რომელიც ისედაც მოკლებული იყო ნდობას, ფაქტობრივად ბოლომდე გაცამტვერდა. ამით იგი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობიდან ჩამოცილებას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დონაძემ თქვა, რომ როცა კრიპტობიზნესის მარეგულირებელი ეროვნული ბანკია, მისი საბჭოს წევრები კი თავად კრიპტობიზნესით არიან დაკავებულნი, ამას კორუფცია ჰქვია.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას აკონტროლებს. დონაძის განცხადებით, ამ სამსახურის დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და საბჭო იღებს, შესაბამისად, მისი შეფასებით, მთლიანად ეროვნული ბანკი იყო სქემაში ჩართული და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. დონაძე აცხადებს, რომ ამით ყეინიშვილმა ისარგებლა, ახლა კი უნდა გაირკვეს, ისარგებლეს თუ არა დანარჩენმა საბჭოს წევრებმა და პრეზიდენტმა, თუ უბრალოდ ჩართულები იყვნენ სქემაში.
დონაძის თქმით, კრიპტობიზნესი „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი მსუყე სფერო გახდა. მისი განცხადებით, ეს ივანიშვილმა დაიწყო, მას კი სხვებიც მიჰყვნენ. დონაძე ასევე ამბობს, რომ თავისუფალი ზონები ქვეყნისთვის სიკეთის მომტანია, თუმცა საქართველოს ეს ცუდად შემოუბრუნდა: დარეგისტრირებული კრიპტოკომპანიები ბრიტანეთმა და აშშ-მა დაასანქცირეს, რადგან რუსეთის ომს უწყობდნენ ხელს. დასანქცირდა კომპანიაც, რომელიც ირანის ისლამურ სახელმწიფოს ეხმარებოდა.
მისი შეფასებით, ამან უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ახლა კი ამას დაემატა ეროვნული ბანკი, რომელიც პირდაპირ აგებს პასუხს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობაზე.
„ამას კორუფცია ჰქვია, მხოლოდ და მხოლოდ ფულის ხელიდან ხელში გადაცემა არ არის კორუფცია. ინსტიტუტები ჩამოშლილია და სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ მათი საკუთარი სიმდიდრისთვის“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.









