ზურაბიშვილი: ყეინიშვილის დამტკიცება „ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის დამტკიცება „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მის წინააღმდეგ მორიგი შეტევა და ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრების მცდელობა „პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია“. მისი შეფასებით, როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, „ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს“.
ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა. მისივე პასუხით, მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ დანიშნავდა. ახლა კი, როცა ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის მასზე გადმოტანას ცდილობს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან“, — წერს ზურაბიშვილი.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. ეს მუხლი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.









