მსოფლიო

ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს და ყველა შეზღუდვა გაუუქმეს

ლიდა მონიავა

ლიდა მონიავამ განაცხადა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა (ФСИН) მას ელექტრონული სამაჯური მოხსნა. მისივე თქმით, სამაჯურთან ერთად ყველა შეზღუდვაც გაუქმდა.

„მე ისევ თქვენთან ვარ“, — დაწერა მონიავამ, დამოუკიდებელი რუსული პრესის ცნობით.

ლიდა მონიავა საზოგადო მოღვაწეა და მოსკოვში მდებარე ბავშვთა ჰოსპისის (Дом с маяком) თანადამფუძნებელი და დირექტორი. იგი წლების განმავლობაში ეხმარება უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს. მან დიდი როლი ითამაშა რუსეთში ბავშვთა პალიატიური სისტემის განვითარებასა და მძიმე პაციენტებისთვის ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.

მონიავა ღიად შეეწინააღმდეგა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს. სწორედ ამ პოზიციისა და ომში დაღუპულთა შესახებ გაეროს მონაცემების გამოქვეყნების გამო წაუყენა მას რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების მუხლით.

მისი ჰოსპისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო საქველმოქმედო ორგანიზაციაა რუსეთში და კერძო შემოწირულებებით არსებობს. მონიავას დამოუკიდებელი და კრიტიკული პოზიციის გამო მისი ფონდი ხშირად გამხდარა რუსული სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან მოულოდნელი შემოწმებებისა და ზეწოლის ობიექტი.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, მონიავა ფონდის დამფუძნებლად, გამგეობის წევრად და დირექტორად დარჩება: „ახლა არ მაქვს მმართველი ორგანოებიდან გასვლის არანაირი მიზეზი, ასე რომ, ვრჩები როგორც დამფუძნებელი, ასევე გამგეობის წევრი და ფონდის დირექტორი“, — განაცხადა მან.

მონიავამ აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრების პირველ დღეებში ადამიანები ჰოსპისისადმი შემოწირულობებს აუქმებდნენ, თუმცა შემდეგ თანხების გაზრდა და ახალი გამოწერების გაფორმება დაიწყეს. მისი თქმით, ყველა მსხვილმა დონორმა განაცხადა, რომ ფონდის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მონიავამ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ადვოკატებს, მიხაილ ბირიუკოვსა და მარია ეისმონტს. მან მხარი დაუჭირა უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებასა და ომის დასრულებას:

„ყველაზე მეტად ამქვეყნად მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ რაკეტებისა და დრონებისგან.“

2 სექტემბერს მონიავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც იგი დააკავეს. ბრალი სამხედრო „ფეიკების“ მუხლით წაუყენეს იმ პოსტის გამო, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ გაეროს მონაცემები ჰქონდა მოყვანილი. მოგვიანებით სასამართლომ მას გარკვეული ქმედებების აკრძალვა შეუფარდა. მაშინ მონიავამ თქვა, რომ ჰოსპისის დირექტორის პოსტს დატოვებდა, მაგრამ რუსეთში დარჩებოდა.

წყარო: ნეტგაზეთი