რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მეხუთე ვადა დაიწყო

რამზან კადიროვმა 5 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეხუთე ვადა დაიწყო. ინაუგურაციის ცერემონია გროზნოში, მისი 50-ე დაბადების დღეს გაიმართა. კადიროვმა პირობა დადო, რომ „დაიცავს ყურანს, რუსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციებს, ასევე ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უფლებას“. მისივე სიტყვებით: „ეს ჩემი მოვალეობაა. ეს ჩემი სიტყვაა. რამზან კადიროვის სიტყვა“.
სექტემბრის არჩევნებში კადიროვმა, რომელიც მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ წარადგინა, ოფიციალურად ხმების 99.85% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 95.19% შეადგინა, კადიროვს ხმა 830 690-მა ადამიანმა მისცა. კანდიდატებმა ისმაილ დენილხანოვმა („სამართლიანი რუსეთი სიმართლისთვის“) და ხალიდ ნაკაევმა (კომუნისტური პარტია) ხმების 0.05-0.05% მიიღეს. კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს. არჩევნების დამკვირვებლებმა და დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ არჩევნები გააკრიტიკეს და თქვეს, რომ პროცესი მკაცრად კონტროლდებოდა, ოპოზიცია კი თითქმის არ იყო დაშვებული.
კადიროვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას გამარჯვება მიულოცა. კადიროვის თქმით: „რა თქმა უნდა, მომილოცა. წარმატება და ბედნიერება მისურვა. მთხოვა, მისი მადლობა ჩეჩენ ხალხს გადავცე“. ეს იყო კადიროვის მეხუთე ინაუგურაცია; 2016 და 2021 წლების ცერემონიებიც 5 ოქტომბერს, მის დაბადების დღეს გაიმართა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ინაუგურაციის დღეს კადიროვს დაბადების დღე მიულოცა და პირველი ხარისხის „დიდებისა და ღირსების“ ორდენი გადასცა. ორდენი 2004 წელს დაარსდა და მას სახელმწიფო, რელიგიურ და საზოგადო მოღვაწეებს გადასცემენ, მათ შორის რელიგიათაშორისი თანამშრომლობისა და ხალხებს შორის მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. მილოცვაში კირილმა კადიროვს „ნებისყოფის მქონე, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი ლიდერი“ უწოდა, რომელიც „დაუღალავად ზრუნავს მისთვის მინდობილ რეგიონსა და მის მოსახლეობაზე“. მან ხაზი გაუსვა ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გროზნოს ეპარქიას შორის ჩამოყალიბებულ „კარგ ურთიერთობებს“.
ეს ჯილდო არმიის გენერლის წოდების მინიჭებიდან ორ დღეში გაიცა. 3 ოქტომბერს როსგვარდიის დირექტორმა ვიქტორ ზოლოტოვმა კადიროვს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არასდროს უმსახურია, ოქროს სამხრეები და შინდისფერი ბერეტი გადასცა.
ინაუგურაციაზე მეზობელი რესპუბლიკების ხელმძღვანელებიც ჩავიდნენ. დაღესტნის მოვალეობის შემსრულებელმა ხელმძღვანელმა ფიოდორ შჩუკინმა კადიროვს „კარგი ჯანმრთელობა, ამოუწურავი ენერგია და მომავალ საქმიანობაში წარმატება“ უსურვა და მისი გამარჯვება „ხალხის მხარდაჭერის დამაჯერებელ მტკიცებულებად“ შეაფასა. ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელმა ყაზბეკ კოკოვმა კადიროვს „ძვირფასი ძმა და კოლეგა“ უწოდა და თქვა, რომ ის „დარწმუნებით მიუძღვის თავის ხალხს განვითარებისა და აღმშენებლობის გზაზე“.
მილოცვის დეპეშები კადიროვს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ, სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანტონ ვაინომ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და სხვა რუსმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.
კადიროვის პირობა ჩეჩნების უფლებების დაცვის შესახებ ეწინააღმდეგება რუსული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მრავალწლიან ანგარიშებს ჩეჩნეთში უფლებების დარღვევების შესახებ. Human Rights Watch-ის 2026 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო ანგარიშში წერია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება 2025 წელს კადიროვის ოპონენტების ნათესავების დევნას აგრძელებდა. 2026 წელს „მემორიალმა“ რეიდების, გატაცებებისა და ადამიანების რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების იძულებით გაფორმების ახალი ტალღის შესახებ დაწერა. არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია კადიროვის მმართველობის პერიოდში ჩეჩნეთში წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის პრაქტიკას აკრიტიკებს.
წყარო: პუბლიკა






