მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი ებრაელი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი ებრაელი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის ექვსი ადამიანი, მათ შორის ქართველი ებრაელი შოთა მუსაევი დააჯილდოვა. ჯილდო მათ Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრების გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

ჰერცოგმა დაჯილდოვებულებს მიმართა: „იმ მომენტში, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო, თქვენ მოქმედებდით უყოყმანოდ, სიმამაცით, მოხერხებულობითა და განსაკუთრებული ურთიერთპასუხისმგებლობით. თქვენ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდეთ სხვების გადასარჩენად და თავიდან აიცილეთ მასშტაბური კატასტროფა. მთელმა მსოფლიომ იხილა ისრაელის საზოგადოების მშვენიერი და მამაცი სახე. მე ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ისრაელის სახელმწიფოს სახელით“.

შოთა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და მისი მდგომარეობა დაასტაბილურა.

ინციდენტი 30 სექტემბერს, თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ს რეისზე მოხდა. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ფრენისას მეორე პილოტმა, რომელიც წარმოშობით ომანიდან იყო, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ხომალდის მთავარ კაპიტანს, ინდოელ სმიტ მაჩჰარს. ისრაელის განცხადებით, მან თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

გავრცელებული ცნობით, მიუხედავად ჭრილობებისა, კაპიტანმა პილოტების კაბინის კარის გაღება მოახერხა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შეიჭრნენ და თავდამსხმელი ყურსასმენების სადენებითა და პლასტმასის შესაკრავებით შეკრეს. ბორტზე მყოფმა სხვა პილოტებმა, რომლებიც არასამუშაო ცვლაში იყვნენ და მგზავრის სტატუსით მოგზაურობდნენ, ვითარება დაასტაბილურეს და რეისი საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკში დასვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მომხდარს „ტერორისტულ თავდასხმად“ განიხილავს. გამოძიება გრძელდება.

წყარო: ნეტგაზეთი