ორეგონის დაწყებით სკოლაში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში, დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ გაანეიტრალა.
ბენდის პოლიციის უფროსის, მაიკ კრანცის, თქმით, დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები და ერთი მასწავლებელი. 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კრანცის თქმით, ადგილობრივმა თემის წევრმა, რომლის ვინაობაც პოლიციის უფროსს არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.
Reuters-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა იარაღის კანონმდებლობაზე დებატებს ხელახლა აქტიურებს. ქვეყანაში იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული, იარაღის ფლობის უფლების მომხრეები კი მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.









