ევროპული საბჭო: გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ

ევროპულმა საბჭომ გრანადის დეკლარაციის გათვალისწინებით გამართა სტრატეგიული დისკუსია გაფართოებისა და შიდა რეფორმების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ეს ინფორმაცია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებშია.
დოკუმენტში ხაზგასმულია გაფართოების, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გეოსტრატეგიული ინვესტიციის მუდმივი მნიშვნელობა.
დასკვნების მიხედვით: „გაფართოებული კავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაწევრიანების დროს. წევრობის მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, გაწევრიანების პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებული ბუნების შესაბამისად და ევროკავშირის დახმარებით. პარალელურად, კავშირმა უნდა გააგრძელოს შიდა სამუშაოები და რეფორმები, დაადგინოს თავისი გრძელვადიანი ამბიციები და მათი მიღწევის გზები და გადაჭრას ძირითადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მის პრიორიტეტებთან და პოლიტიკასთან, ასევე მოქმედების უნართან. ეს გააძლიერებს ევროკავშირს და გააძლიერებს ევროპულ სუვერენიტეტს“.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანების პროცესი დამსახურებას ეფუძნება და თითოეული კანდიდატი ქვეყანა მოლაპარაკებებში საკუთარი ინდივიდუალური პროგრესის მიხედვით წინ მიიწევს.
დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მიესალმება მონტენეგროსთან გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების მომზადების მიმართულებით მიმდინარე მუშაობას.









