საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

საქართველომ სტრასბურგში „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის, ანუ ვარშავის კონვენციის, დამატებით ოქმს ხელი მოაწერა. ინიციატივა საქართველოს პროკურატურას ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
პროკურატურის თქმით, ოქმი ხელმოსაწერად 14 ოქტომბერს გაიხსნა და საქართველო მის პირველ ხელმომწერ ქვეყნებს შორის იყო. საქართველოსთან ერთად დოკუმენტს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, მონტენეგრომ, საბერძნეთმა, სან-მარინომ, უნგრეთმა და ევროკავშირმა.
ოქმის ხელმოწერისთვის მოსამზადებელ პროცესს საქართველოს პროკურატურა ხელმძღვანელობდა. საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხატია წილოსანმა მოაწერა. ღონისძიებას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პროკურატურის წარმომადგენლები, გიორგი მიქავა და გივი ბაღდავაძე ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი ოქმი აუმჯობესებს დანაშაულებრივი ქონების გამოვლენის, მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და დაბრუნების მექანიზმებს. ის ხელს უწყობს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.
ამასთან, ოქმი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს.









