რუტე: რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ნატო-ს ვერ დააშინებს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და ჰიბრიდულ კამპანიას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ.
„პუტინი ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი სიმტკიცე და შეაჩეროს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა, თუმცა რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და ჩვენ ვერ დაგვაშინებენ“, - აღნიშნა რუტემ.
კითხვაზე, „არის თუ არა რუსეთი იმდენად უგუნური, რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განიხილოს“, რუტემ უპასუხა: „ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. არ არსებობს უშუალო საფრთხე. თუმცა, თუ დავინახავთ, რომ რუსეთის ძალების თავმოყრას ახდენს, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ“.
რუტეს თქმით, ნატო-ს გზავნილი, რომელიც კვირის დასაწყისში ალიანსის უმაღლესმა სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმაც გააჟღერა, მკაფიოა: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა იქ ადამიანები“.
მისივე თქმით, ნატო არასდროს დაესხმება თავს რომელიმე ქვეყანას. „არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ განვახორციელებთ თავდასხმას ვინმეზე, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ“, - აღნიშნა რუტემ.









