მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო. თანხა უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თავდაცვის კომპონენტის ნაწილია.

გამოყოფილი თანხით შეიძენენ დრონებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, რადარებს, ელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და საბრძოლო მასალას.

ევროკომისიის განმარტებით, სესხის საორიენტაციო განაწილება 2026–2027 წლებისთვის ასეთია: თავდაცვას 60 მილიარდი ევრო მიეკუთვნება, საბიუჯეტო დახმარებას კი 30 მილიარდი ევრო. მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი. თავდაცვის მიმართულებით შემდგომი ტრანშები უახლოეს კვირებშიც გაიცემა.

„უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეოთხე ზამთრისთვის ემზადება. თავდაცვითი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ მიწოდება უზრუნველყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან”, - აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.

ევროკომისია განმარტავს, რომ დაფინანსების შესახებ ყველა გადაწყვეტილება უკრაინის ცვალებად საჭიროებებს ეფუძნება და შეთანხმებულ პირობებსა და მონიტორინგს ექვემდებარება. 2022 წლიდან ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჯამში 231.5 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა გაუწიეს. აქედან 3.8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდანაა.

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინას ფინანსური მხარდაჭერის სახით კიდევ 29.64 მილიარდი ევრო გამოეყოფა. აქედან 25.24 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებშია გათვალისწინებული: 12.54 მილიარდი ევრო თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად, 12.7 მილიარდი ევრო კი საბიუჯეტო დახმარებისთვის.

მიმდინარე წლისთვის Ukraine Facility-ის ფარგლებში საბიუჯეტო დახმარებისთვის კიდევ 4.4 მილიარდი ევროა გათვალისწინებული. ამგვარად, 2026 წლის დარჩენილ თვეებში უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტის მიღება შეუძლია, თუ უკრაინის გეგმასა და ურთიერთგაგების მემორანდუმში განსაზღვრულ პირობებს შეასრულებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ