ჰერჩინსკიმ თელავში 2026 წლის 38-მილიონიანი ახალი პროექტები გააცხადა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, „ევროპის დღის“ ღონისძიების გახსნის შემდეგ, ახალი პროექტების შესახებ განცხადება გააკეთა. მათი საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, „ევროპის დღე 2026“ კახეთს იმისთვის ეწვია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირი უკეთ გაეცნოს. 38 მილიონი ევრო ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერას მიემართება.
„პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიან პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
ღონისძიება „ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი“ მეღვინეობა „მოსმიერში“ გაიმართა.
„ევროპის დღემ კახეთში თავი მოუყარა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქტიული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.









