პოლიტიკა

კობახიძე: 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან ჰუმანურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ სინანული იქნება

კობახიძე: 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან ჰუმანურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ სინანული იქნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ძალიან მძიმე დანაშაულში არიან მხილებულები, ხელისუფლება მზადაა, თითოეულთან ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღოს, თუ სინანული, აღიარება და მონანიება იქნება.

კითხვაზე, რომ მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებას ოპოზიციის ნაწილი არ ემხრობა, კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალიზმისთვის მათ ურჩევნიათ, მეტი პატიმარი იყოს“.

„ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს. ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის მათ ურჩევნიათ, იყოს მეტი პატიმარი. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება - თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ამ ადამიანების მიზანი რადიკალიზმი, პოლარიზმი და ესკალაციაა, მთავრობის მიზანი კი სიმშვიდის განმტკიცებაა. კობახიძემ დასძინა, რომ ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ქვეყნის სწორ განვითარებას ყველაზე მეტად წაადგება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ