პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ევროკომისიის გაფართოების ახალი ანგარიში სამ კვირაში გამოქვეყნდება

ჰერჩინსკი: ევროკომისიის გაფართოების ახალი ანგარიში სამ კვირაში გამოქვეყნდება

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში გამოქვეყნდება. ეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინა ანგარიში საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ჰერჩინსკიმ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის სიტყვებიც შეაფასა: „სამწუხაროდ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია“.

ელჩის განმარტებით, ბრიუსელში უმაღლეს წარმომადგენელსა და გაფართოებაზე პასუხისმგებელ ევროკომისარს პრესკონფერენცია ექნებათ, ის კი კიდევ ერთ პრესკონფერენციას ორგანიზებას გაუკეთებს.

ჰერჩინსკის თქმით, გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით, ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაუარესდა.

„ასე რომ, მოდი სამ კვირაში ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის შეფასება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ