კონფლიქტები

ზელენსკი რუბიოს „დიპლომატიური ჩიხის“ შესახებ განცხადებას უარყოფს

ზელენსკი რუბიოს „დიპლომატიური ჩიხის“ შესახებ განცხადებას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია, რადგან ვითარება „ჩიხში“ შევიდა. ზელენსკიმ ეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ქალაქ პრილუკიში, სადაც რუსული რაკეტის საცხოვრებელ სახლში მოხვედრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.

მისი თქმით, ერთი მხრივ, რუსეთთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი და მეორე მხრივ დიპლომატიურ ჩიხზე საუბარი ერთად არ შეიძლება. ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, უკრაინას ცაში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმაროს და რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს.

„გესმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, რუსებს სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და, მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რაღაც დიპლომატიურ ჩიხში. არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. პირი გაუკერეთ რუსეთს. ნუ კვებავთ მათ თქვენი მიყიდვებით. უბრალოდ სანქციები დაუწესეთ მათ შეიარაღებას. გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის, უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა „სტარლინკი“ გახსნა, როდესაც ირანს პასუხობდა, რის შედეგადაც „ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა ირანის ცას“.

„ანუ, როდესაც გჭირდებათ, ეს მუშაობს… მათთვის უკრაინის დახმარება არაფერი არ ღირს. და ღიად ვამბობ: “მოგვეცით, დაგვეხმარეთ დავიცვათ ცა და დომინაცია მოვიპოვოთ. შედეგად პუტინი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რატომ? რადგან დაკარგავს ყველაფერს. სამ, ორ თვეში ყველაფერს დაკარგავს. და ჩვენ ველოდებით როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და რუსებს გადასცემენ. მაშინ სად არის აქ სიმართლე, სად არის აქ პატიოსნება, სად არის ეს ყველაფერი? რა ჩიხი? ეს ჩიხი არაა, ეს ნების ნაკლებობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო: Interpressnews