საიას ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას სთხოვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ცრუობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, გამოაქვეყნოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ქათამაძის თქმით, სამსახურის არცერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, ამიტომ გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის ჩანაწერები კორესპონდენციას წარმოადგენდა.
ადვოკატი წერს: „სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას.“
მისივე განმარტებით, მან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დააფიქსირა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. ქათამაძე მიიჩნევს, რომ მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებულის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საიამ ადრე განაცხადა, რომ ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის გატანის უფლება არ მისცეს. ორგანიზაცია ამის გამო სახალხო დამცველისგან, ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საიას განცხადება საფუძველმოკლებულად შეაფასა. უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლით ბრალდებულს ან მსჯავრდებულს წერილების შეუზღუდავად გაგზავნისა და მიღების უფლება აქვს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება გულისხმობს ვიზუალურ დათვალიერებას შინაარსის გაცნობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა გავრცელდეს საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების საფრთხის შემქმნელი ინფორმაცია, მოსამსახურეს შინაარსის გაცნობისა და ადრესატისთვის გაგზავნის შეზღუდვის უფლება აქვს.
სამსახური 95-ე მუხლზეც უთითებს: ბრალდებულს ან მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჩარევის გარეშე შეხვდეს ადვოკატს. უწყების თქმით, კანონის არც ერთი ნორმა არ ანიჭებს ადვოკატს უფლებას, შეხვედრის შემდეგ დაწესებულებიდან სხვადასხვა სახის ჩანაწერი გამოიტანოს. სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულსა და ადვოკატს კორესპონდენციის დაწესებულების მეშვეობით გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს და ყველა მოქმედი ადვოკატი ამ ნორმებზე ინფორმირებულია.
წყარო: Interpressnews




