სამართალი

პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით“.

პროტესტის მონაწილე სერგეი ყანჩელი წერს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, სარბენად გასული პოლიციამ გააჩერა, სულ 6 პირი იყო, სასაფლაოზე გადაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყანჩელის განცხადებით, დანით სახეზე ემუქრებოდნენ, იარაღით ემუქრებოდნენ და სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდნენ. ამბობს, რომ ეს დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ყანჩელი ამტკიცებს, რომ პოლიციელების ქმედებები მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდებოდა: ძალადობის დროს მას „აკაცუკად“ მოიხსენიებდნენ და მის პოზიციას აბუჩად იგდებდნენ. მისივე თქმით, ახლა უსაფრთხო ქვეყანაშია და საქართველოს დატოვება მოუწია. ამბობს, რომ საჩივარი შეიტანა იმისთვის, რომ დამნაშავეების პოვნა და გასამართლება მოხდეს.

ყანჩელის ადვოკატის, გიორგი მხეიძის თქმით, მათ გენერალურ პროკურატურას მიმართეს და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვეს. ადვოკატი ამბობს, რომ ითხოვენ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებებით, ასევე 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ეხება.

წყარო: პუბლიკა