ეროვნულმა ბანკმა ივნისსა და ოქტომბერში 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა, რეზერვები 8.25 მილიარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ოქროში ინვესტირების მიზანია საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვა.
ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით რეზერვები 82.6 მილიონი დოლარით გაიზარდა.
გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric 130%-ს შეადგენს, რაც ფონდის მიერ დადგენილ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.
ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას, სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების შემთხვევაში სებ რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
რეზერვების განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.











