კომკომი: აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების სია არ არსებობს

კომუნიკაციების კომისია (კომკომი) „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კომისიამ 93 სიტყვა აკრძალა. კომკომის თქმით, ორგანიზაცია საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს.
კომისია აცხადებს, რომ მას „არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა“. კომკომის განმარტებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მასალაში საუბარია საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა დაემორჩილონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების გამო 7-ჯერ შეუდგინა მოხსენებითი ბარათი. თავდაპირველად ისინი სიტყვიერად გააფრთხილეს, შემდეგ თითოეული 2500 ლარით დააჯარიმეს, მომდევნო ჯერზე კი 5000 ლარით. კომისიას მათთვის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს.
ორგანიზაციის მონაცემებით, კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „პოლიტიკური ტყვეები“, „რეპრესიული პოლიტიკა“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „უკანონო პატიმრობა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“, „რეჟიმის სასამართლო“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების სუსი“ და „სასამართლო კლანი“.
კომკომი განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციისა და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
კომისიის განმარტებით, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ მისი პოზიციის შესაბამისად პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქებაც. კომკომის თქმით, მისი მიზანი მაუწყებლის სანქცირება არ არის, არამედ „მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა“.









