„ოქროს გლობუსი“ ლევან კოღუაშვილს ნოვატორის ჯილდოს გადასცემს

„ოქროს გლობუსმა“ ექვსი ლაურეატი დაასახელა, მათ შორის ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლევან კოღუაშვილი. ისინი „ოქროს გლობუსის აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე“ დაჯილდოვდებიან. ინფორმაცია „ოქროს გლობუსის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კოღუაშვილის გარდა, წლევანდელი ლაურეატები არიან გულჩეხრა ჯამილოვა, ალი ხამრაევი, თაჰმინა რაფაელა, შუგილა ეშენი და სამველ ტადევოსიანი. ისინი უზბეკეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და სომხეთს წარმოადგენენ.
ღონისძიება, რომელზეც ცენტრალური აზიისა და კავკასიის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენლებს პატივს მიაგებენ, 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება. დაჯილდოება სამ ნომინაციაში ჩატარდება: „ოქროს გლობუსის მერიდიანის ჯილდო“ (Golden Globes Meridian Award), „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Golden Globes Trailblazer Award) და „ოქროს გლობუსის შუქურის ჯილდო“ (Golden Globes Beacon Award).
ლევან კოღუაშვილს ნოვატორის ჯილდო გადაეცემა. „ოქროს გლობუსის“ ინფორმაციით, ეს ჯილდო გადაეცემა ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევართა ერთობლიობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს განვითარებაში.
კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებით „მეოთხე ბრიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. ფილმმა „ბრაიტონ მეოთხე“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ჯილდო მიიღო. მისი უახლესი ნამუშევარი „გურია“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე (2026 წ.) წარდგა და საქართველოს ოფიციალური კანდიდატია „ოსკარის“ ნომინაციაზე.
„ოქროს გლობუსის“ პრეზიდენტმა ჰელენ ჰენემ განაცხადა: „მოხარული ვართ, პატივი მივაგოთ ხელოვანთა ამ გამორჩეულ ჯგუფს, რომელთა ნამუშევრებიც ასახავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის კულტურის სიღრმეს, შემოქმედებითობასა და თხრობის თავისებურ ტრადიციებს. კინოს, ტელევიზიისა და ხელოვნების სფეროებში შეტანილი ინდივიდუალური წვლილით თითოეულმა მათგანმა ხელი შეუწყო რეგიონის ისტორიებისა და შემოქმედებითი ხმების გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის აუდიტორიისთვის. მოუთმენლად ველით ტაშკენტში მათი მიღწევების აღნიშვნას“.
