თურქეთის ტურნირზე აფხაზ ტანმოვარჯიშეებს აფხაზეთის დროშით გამოსვლის უფლება არ მისცეს

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აფხაზეთის ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებს აფხაზეთის დროშით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, კან ტანიას Telegram-არხი წერს.
არხის ცნობით, აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა და ორგანიზატორებმა ის გაითვალისწინეს.
ტანიას მოყვანილი ინფორმაციით, სპორტსმენები შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და ტურნირზე აფხაზეთის წარმოჩენას გეგმავდნენ.
„ბავშვთა სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, თუმცა თბილისმა სხვაგვარად გადაწყვიტა“, – წერს ტანია.
მისი შეფასებით, ეს შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, ნდობასა და სახალხო დიპლომატიაზე.
ტანია საქართველოს ხელისუფლების ქმედებას „ბავშვების წინააღმდეგ მიმართულ მტრულ დამოკიდებულებად“ აფასებს. მისივე თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა აფხაზეთი ღირსეულად წარმოადგინეს.
წყარო: ნეტგაზეთი