სერგეი ყანჩელი კუკიის სასაფლაოზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობს

სერგეი ყანჩელი „ნეტგაზეთს“ უყვება 27 სექტემბერს თბილისში, კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე. მისი თქმით, პოლიციელებმა იგი სასაფლაოზე შეიყვანეს, სადაც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, იარაღით დაემუქრნენ და დამცირებას ცდილობდნენ. ყანჩელი აცხადებს, რომ მომხდარის გამო საქართველოს დატოვება და იძულებით ემიგრაციაში წასვლა მოუწია.
ყანჩელის თქმით, 27 სექტემბერს კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარბენად იყო გასული, როცა სამართალდამცველებმა გააჩერეს. თავდაპირველად მასთან სამი პოლიციელი მივიდა, გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონის განბლოკვა მოსთხოვეს. მისი განმარტებით, განბლოკვაზე უარს ძალადობა მოჰყვა.
„მათ მოთხოვნაზე უარი ვუთხარი და განვუმარტე, რომ ეს არ იყო კანონიერი. მიპასუხეს, რომ ეს არ აინტერესებდათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა — „წამო, წამო, ვილაპარაკოთო“ და იქვე, სასაფლაოზე შემიყვანა, სადაც მუქარა დაიწყო. რამდენჯერმე დამარტყა სახეში და გამაშიშვლა. ვიღაცასთან დარეკა, რის შემდეგაც დანარჩენი ორი პოლიციელიც შემოგვიერთდა და ცემა გააგრძელეს“, – იხსენებს ყანჩელი.
მისივე თქმით, მოგვიანებით ადგილზე კიდევ სამი სამართალდამცველი მივიდა, ანუ მასზე ძალადობაში სულ ექვსი პოლიციელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც პოლიციელებმა თავიანთ „მეგობრად“ გააცნეს, უკანონო ჩხრეკაზე უარის გამო განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.
ყანჩელი ყვება, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი ამოიღო და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადებდა, მეორემ კი ცალკე გადაიყვანა, დანა ამოიღო, დაემუქრა და სახე გაუკაწრა.
„ერთ-ერთმა პოლიციელმა ამოიღო იარაღი და დაიწყო მუქარა, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მადებდა. მეორემ ცალკე გადამიყვანა და მითხრა — „ეხლა შენთვის უნდა ამოვთხარო საფლავიო“, ამოიღო დანა, მემუქრებოდა და სახე გამიკაწრა. მერე დაბრუნდა ის, ვინც იარაღით მემუქრებოდა, ვიღაცის საფლავზე ვიყავი წამოწოლილი და მეუბნებოდა: „მოგკლავ, მოგკლავ და გესვრიო“, – უყვება სერგეი „ნეტგაზეთს“.
ყანჩელის თქმით, როცა პოლიციელების ნაწილმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო, ერთ-ერთი მათგანი მასთან დარჩა და ორალური სექსი მოსთხოვა. უარის შემდეგ კვლავ ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მის საფულიდან მისი და დედამისის ფოტოსურათი ამოიღო, გენიტალიებზე იდებდა, დედამისს აგინებდა და ფოტოს დაწვასაც ცდილობდა. გასვლისას ერთ-ერთმა პოლიციელმა შარვალზე წყალი შეასხა და მობილური ტელეფონი ბეტონზე დაუმსხვრია, მეორემ კი „აკაცუკი“ უწოდა და უთხრა, რომ „ამ ყველაფრის ღირსი იყო“.
მიზანმიმართულ დევნასთან კავშირის შესახებ კითხვაზე ყანჩელი ზუსტ პასუხს ვერ იძლევა, თუმცა ამბობს, რომ ბოლო თვეებში პოლიცია მას ქუჩაში ხშირად აჩერებდა.
„ბოლო დროს კვირაში ერთხელ მაინც მჩხრეკდნენ ხოლმე. უკვე ნორმალური იყო ჩემთვის. ერთხელ, როცა სანაპიროზე მზეში დავრბოდი სპორტულ ფორმაში გამოწყობილი და ოფლიანი ვიყავი, გამაჩერეს და მკითხეს: რას აკეთებო. არადა ნათელი იყო, რომ ვვარჯიშობდი. ამიტომ, იმ დღესაც რომ გამაჩერეს, თავიდან დიდად არ მივაქციე ყურადღება“, – აღნიშნავს ის.
მომხდარის შემდეგ ყანჩელმა საქართველო დატოვა. მისი თქმით, ქვეყნიდან წასვლა არ სურდა და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.
„მე ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, უფრო ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი ახლობლებისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა, რამე რომ დამმართოდა. მაგიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. რადგან უკვე აქ ვარ, ვეცდები, მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო, გავაგრძელო სწავლა, მუშაობა და რითაც შევძლებ, საქართველოსაც დავეხმარო. თუმცა, რამე წინასწარი გეგმა არ მქონია, რადგან წასვლაზე ფიქრიც კი საშინელება იყო ჩემთვის“, – აცხადებს ყანჩელი.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.




