სამართალი

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება მიმდინარეობს. რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია: სამსახურის პრესსამსახური დამატებით შეკითხვებს არ პასუხობს.

გუშინ, 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ ყოველწლიურად წაგებით ამთავრებდა. მისი თქმით, წლევანდელი წელი პირველი იქნება, როცა კომპანია მოგებაში გავა და ეს კონკრეტული ცვლილებების შედეგია.

კობახიძის განმარტებით, შტატების ოპტიმიზაციით 2,5 მლნ ლარი დაიზოგა, წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციით კი 1,1 მლნ ლარი. მისივე თქმით, ზოგიერთი სერვისი შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი. „ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, – თქვა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს სერვისები „საქართველოს ფოსტას“ დაუბრუნდა და კომპანიას ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი ექნება.

2025 წლის 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური მდივანი გიორგი ერაძე გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „სფეის კარგოსა“ და შპს „კარგონავტების“ დირექტორია. ერაძე ასევე ფლობს წილს შპს-ებში: „გრუპ ანდერ ამბრელა“, „ბიზნესლაბ“, „ლეგო ფუდი“, „რედ სპირიტუს“ და „კარგონავტები“.

ამ თანამდებობას მანამდე 13 წლის განმავლობაში ლევან ჩიკვაიძე იკავებდა. ის „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი 2012 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ზაფხულამდე იყო.

წყარო: პუბლიკა