ზელენსკი: გადადგომას არ ვაპირებ, პრეზიდენტს მხოლოდ უკრაინელები ირჩევენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“.
ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ. „არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად. ზელენსკი ამბობს: „თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება, თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“.
მისივე თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთზე ამერიკის მხრიდან დარტყმას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ თავდასხმას განახორციელებს. „თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს ქაღალდზე იქნება დაფიქსირებული, ესეც იქნება უსაფრთხოების გარანტია“, - განმარტა ზელენსკიმ.









