მსოფლიო

მელონი: აშშ-რუსეთს შორის დიზელის შეთანხმება ძალიან სარისკო ნაბიჯია

მელონი: აშშ-რუსეთს შორის დიზელის შეთანხმება ძალიან სარისკო ნაბიჯია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო ნაბიჯად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება ძალისხმევას, აიძულონ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მელონის განცხადებით: „ეს მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს მაშინ, როდესაც მისი ბომბები კვლავ ცვივა უკრაინულ ქალაქებზე, ქმნის ომის დასაფინანსებლად საჭირო ახალ შემოსავალს და ფარულად ასუსტებს სანქციების ეფექტიანობას“.

იტალიის პრემიერის თქმით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა დანიშნოს „ავტორიტეტული ფიგურა“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მან არ გამორიცხა, რომ ოფიციალური მანდატი მიენიჭოს E3-ის ჯგუფს, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო შედიან.

მელონი აღნიშნავს: „თუ საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად უკეთეს შედეგს მიაღწევენ, ვიდრე ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნებოდა შესაძლებელი - და ჯერჯერობით მათ სწორედ ეს გზა აირჩიეს - მაშინ, დაე მათ, სულ მცირე, ეს ყველას სახელითა და ოფიციალური მანდატით გააკეთონ“.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა არ არის, პირიქით, სწორედ ეს ხდის მშვიდობას შესაძლებელს. მელონიმ განაცხადა: „რადგან, თუ აგრესორს მოწინააღმდეგის კაპიტულაციის მიღწევა შეუძლია, რაღაში სჭირდება მას მოლაპარაკება? უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს და გვთავაზობს, მშვიდობა არ გვექნება. ვისაუბრებთ ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა სტილის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რასაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში განიცდიდა“.

მელონის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციის საკითხს. საუბარია დრონების შეჭრაზე, კიბერშეტევებზე, დივერსიებსა და სხვა ფარულ ოპერაციებზე, რომელთა მიზანი კიევისადმი მხარდაჭერის შესუსტებაა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა: „უნდა დავიცვათ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა: ენერგოსისტემები, წყალქვეშა კაბელები, პორტები, აეროპორტები და წყალქვეშა სივრცე, სადაც იტალიას განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ