მსოფლიო

მირზოიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე სომხეთში სერიოზული დისკუსია მხოლოდ ახლა დაიწყო

მირზოიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე სომხეთში სერიოზული დისკუსია მხოლოდ ახლა დაიწყო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე ქვეყანაში სერიოზული დისკუსიები მხოლოდ ახლახან დაიწყო. მისივე თქმით, ამ საკითხზე ღრმა საჯარო დებატები არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ კანონი 2024 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს ხვალვე მიიღოს სომხეთი სრულუფლებიან წევრად, მაშინაც კი, თუ სომხეთი იტყვის, დიახ", - აღნიშნა მირზოიანმა.

მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში რუსეთიც ახსენა და თქვა, რომ სომხეთს რუსეთის ფედერაციასთან ისტორიულად მჭიდრო კავშირები აქვს.

„ისტორიულად ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და დღესაც ძალიან მტკიცე კავშირები გვაქვს, თუმცა შესაძლო რეაქცია სათანადოდ უნდა ვმართოთ. ვგულისხმობ იმას, რომ არავის სურს მსოფლიოში ახალი მტრების გაჩენა. არავის განზრახული არ აქვს, ვინმეს, რომელიმე მესამე მხარეს ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა მირზოიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სომხეთიც, ევროკავშირიც და მისი წევრი სახელმწიფოებიც სარგებლობენ სომხეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებით.

„მოდით, გავაგრძელოთ ეს თბილი ურთიერთობები, გავხსნათ ახალი შესაძლებლობები და მომავალში, რაღაც ეტაპზე, ერთად განვიხილოთ, დავქორწინდებით თუ არა", - თქვა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ