ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეჩერების ფინურ ინიციატივას უერთდება

ესტონეთი უერთდება ფინეთის მოწოდებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით გადასაადგილებლად ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას, ქალაქების დაბომბვას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებასა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას აგრძელებს, ამიტომ მიუღებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში ტურისტული მიზნებით შეუფერხებლად გადაადგილება კვლავ შეუძლიათ.
ცაჰკნას შეფასებით, ვიზების პოლიტიკა რუსეთის მიმდინარე აგრესიის სიმძიმეს უნდა ასახავდეს. „ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე ყველა არსებული საშუალებით“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მარგუს ცაჰკნა ევროკავშირს ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო საიმპლემენტაციო აქტები, რათა რუსი მებრძოლებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა ყოვლისმომცველად აიკრძალოს.









