„ახალი აზერბაიჯანი“ ჰიჯაბის აკრძალვაზე ერდოღანის მრჩეველს აკრიტიკებს

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ (YAP) თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველი ოქტაი სარალი გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ მისი გამოსვლაა. პარტიამ თურქეთსა და მის მმართველ პარტიას აზერბაიჯანის შიდა საქმეების პატივისცემისკენ მოუწოდა.
სარალიმ განცხადება ორშაბათს, 12 ოქტომბერს გააკეთა. აზერბაიჯანელი მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა, სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სარალმა მიუღებელი უწოდა იმას, რომ აზერბაიჯანში გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალეს მოსწავლეებს, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ.
„როგორ შეიძლება მორალურად ან სამართლებრივად გამართლდეს მოსწავლის სკოლის ჭიშკრიდან უკან გაბრუნება მხოლოდ იმიტომ, რომ მას რელიგიური მოსაზრებით თავი აქვს დაფარული? ჰიჯაბი დაბრკოლება არ არის – ის რწმენის მოთხოვნაა! განათლების უფლება არ უნდა შეეწიროს იდეოლოგიურ თავსმოხვევას! აზერბაიჯანისგან ველით, რომ ამ შეცდომას რაც შეიძლება მალე გამოასწორებს. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებს მომავლისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შევუქმნათ, მათ წინსვლაში უნდა დავეხმაროთ. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მიდგომის დამკვიდრება არასოდეს უნდა დავუშვათ“, – წერს სარალი.
13 ოქტომბერს „ახალმა აზერბაიჯანმა“ განაცხადა, რომ ზოგიერთი თურქული მედია და სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერი წყაროები, აზერბაიჯანის შესახებ ცრუ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს. პარტიამ დაგმო ის, რასაც „აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანია“ უწოდა. მისი თქმით, პოზიციის გამოხატვა „აუცილებელი“ გახდა მას შემდეგ, რაც სარალი – ერდოღანის „მთავარი მრჩევლის სტატუსის მქონე პირის“ რანგში და თურქეთის მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ სხვა დეპუტატები „ასეთ კამპანიას შეუერთდნენ“.
სავარაუდოდ, პარტიამ ჩაცმულობის წესებთან დაკავშირებით სარალის კრიტიკა თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის „ისლამოფობიასა“ და ისრაელთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ კრიტიკას დაუკავშირა. განცხადებაში პარტიამ აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთობების კრიტიკა უარყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ბაქო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას „ორი სახელმწიფოს პრინციპის“ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს. პარტიის თქმით, აზერბაიჯანი პალესტინელებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს.
პარტიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან „არა პოლიტიკურ კონიუნქტურას, არამედ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს ეფუძნება“. „ჩვენი ქვეყნის წვლილი ისლამური სოლიდარობის გაძლიერებაში მუსლიმური სახელმწიფოების მხრიდან მაღალი შეფასებით სარგებლობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, ეს ირიბი პასუხია ერდოღანის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაზე. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვები გააკრიტიკა და მათ „ქალთა ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმა“ უწოდა. მან საკითხი „ისლამოფობიასაც“ დაუკავშირა. ერდოღანს აზერბაიჯანი არ დაუსახელებია, თუმცა ბევრმა მისი განცხადებები ბაქოსკენ მიმართულ გზავნილად აღიქვა.
„ახალმა აზერბაიჯანმა“ ერდოღანის მრჩეველი და თურქი დეპუტატები „პოპულისტური და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში საკითხის არსის გათვალისწინების გარეშე“ დაადანაშაულა. „ასეთი განცხადებები აზერბაიჯან-თურქეთის ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და საზოგადოებაში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას შეიძლება შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პარტიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ყველა რელიგიას თანაბრად ეპყრობა.
ჰიჯაბის აკრძალვის პოლიტიკა პარტიამ აზერბაიჯანის სეკულარული პოლიტიკით გაამართლა და აღნიშნა, რომ სეკულარიზმის პრინციპი „თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც არის განმტკიცებული“.
„ახალი აზერბაიჯანის პარტია მიიჩნევს, რომ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი მაღალი სახელმწიფო თანამდებობების პირებმა, საკუთარ განცხადებებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და პატივი სცენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობასა და შიდა საქმეებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.









