უნგრეთის პარლამენტმა ორბანის პერიოდის ანტი-ლგბტქ ზომები გააუქმა

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს და გააუქმა ზომები, რომლებიც გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს სტიგმატიზაციას უწყობდა ხელს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
2021 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ პარლამენტში უმრავლესობით მიღებული ბავშვთა დაცვის კანონი კრძალავდა „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის ჩვენებას ან პოპულარიზაციას“.
ორბანმა აპრილში არჩევნები წააგო. მას შემდეგ პეტერ მაგიარის „ტისას“ მთავრობა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის გადახედვაზე მუშაობს.
სამშაბათს გამართული კენჭისყრიდან მალევე ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დათანხმდა „ფიდესის“ მმართველობის ბოლო წლებში გაყინული 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას.
ლგბტქ და ადამიანის უფლებათა დამცველმა აქტივისტებმა ნაბიჯი დადებითად შეაფასეს, თუმცა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებულ სხვა კანონებშიც მოითხოვეს ცვლილებები.
„ფიდესმა“ და მისმა მოკავშირე პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატებმა“, კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა. „ქრისტიან-დემოკრატების“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „სკოლებსა და მედიაში “ლგბტქ” შინაარსის პოპულარიზაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.









