მსოფლიო

დელიში საარჩევნო სიებიდან 130 მილიონი ადამიანის ამოღების გამო გამართულ აქციებს დაკავებები მოჰყვა

დელიში საარჩევნო სიებიდან 130 მილიონი ადამიანის ამოღების გამო გამართულ აქციებს დაკავებები მოჰყვა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში საარჩევნო სიებიდან მილიონობით ადამიანის ამოღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მასობრივი დაკავებები, ინტერნეტის გათიშვა და უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოჰყვა. დემონსტრანტები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიანეშ კუმარის გადადგომას და საარჩევნო სიების გადახედვის პროცესის (SIR) შეჩერებას ითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა საარჩევნო სიებიდან 130 მილიონი ადამიანის ამოღებამ გამოიწვია, თუმცა საზოგადოებრივი უკმაყოფილება რამდენიმე თვეა გრძელდება. Reuters-ის მონაცემებით, ამოღებულთა შორის 28 მილიონი გარდაცვლილია, 63 მილიონმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, 30 მილიონი კი ისეთი ადამიანის მონაცემია, რომელთა ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ეს ციფრები გადასინჯვის მასშტაბს აჩვენებს, მაგრამ არ ადასტურებს, რომ ყველა ამოღებული ჩანაწერი უფლებამოსილ ამომრჩეველს ეკუთვნოდა.

გასულ კვირას აქციები ყოველდღიურად იმართებოდა. შაბათ-კვირას დელი ბლოკირებული იყო: ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, გზები გადაკეტეს და სამხედროები განათავსეს. 10 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია „კოკროჩ ჯანტას“ (Cockroach Janta) აქციამდე ხელისუფლებამ გააუქმა დელისკენ მიმავალი 245 მატარებელი, დახურა მეტროს 45 სადგური, დაკეტა ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და ქალაქის ცენტრში ინტერნეტსერვისები გათიშა. აქტივისტების ნაწილს შინაპატიმრობა შეუფარდეს.

The Guardian-ის ცნობით, 11 ოქტომბერს დელის აეროპორტში დაშვებისთანავე Air India-ს თვითმფრინავიდან პარტია „კოკროჩის“ დამფუძნებლები ჩამოიყვანეს. ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში რვა საათზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები სტუდენტებსა და აქტივისტებს სცემენ და ქუჩებიდან ძალით მიჰყავთ. დაკავებულებში ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. პოლიციამ ძალით წაიყვანა ადვოკატიც, რომელიც დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას უწევდა; დაკავებისას მას პერანგი შემოახიეს.

რეპრესიები მუმბაისაც შეეხო: პოლიციამ მაჰათმა განდის შვილთაშვილი ტუშარ განდი ადგილობრივ აქციაში მონაწილეობის თავიდან ასაცილებლად წაიყვანა. ორშაბათს დელის პოლიციამ ჯანტარ-მანტარი საპროტესტო აქციებისთვის განკუთვნილი ადგილების სიიდან ამოიღო და დემონსტრანტებს სამი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.

პოლიტიკურმა აქტივისტმა იოგენდრა იადავმა, რომელიც თავადაც დააკავეს, განაცხადა: „საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვარ ჩართული და პოლიტიკას უკვე ოთხი ათეული წელია ვაკვირდები, მაგრამ დემონსტრაციისთვის ასეთი მზადება არასოდეს მინახავს. ნებისმიერი საზომით, ეს სრულად გამაოგნებელი იყო“. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რასაც ის „სახელმწიფოს მიერ გაჩაღებულ ტერორს“ უწოდებს, დელის რამდენიმე უბანში მცირე ჯგუფებმა მოულოდნელი აქციები გამართეს.

დელის ხელისუფლების ქმედებებს წინ უძღოდა კონგრესის პარტიის აქციების წინააღმდეგ პოლიციის მსგავსი აგრესიული ქმედებები. აქციებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რაჰულ განდი ხელმძღვანელობდა. მისი და მისი დის, პრიანკას, დაკავების კადრები ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

Amnesty International ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს და დაკავებებისა და ინტერნეტის გათიშვის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. მმართველი „ინდოეთის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა რავი შანკარ პრასადმა ოპოზიცია არჩევნებში დამარცხების შემდეგ აქციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ბრიფინგზე მან განაცხადა: „პირველი: ინდურმა დემოკრატიამ ანარქიის გაღვივების მცდელობები აღკვეთა. მეორე: ქვეყანას პარლამენტი მართავს და არა ქუჩა“.

The Guardian წერს, რომ აქციების შეზღუდვა ინდოეთისთვის ახალი არ არის, თუმცა ამჯერად დედაქალაქში გატარებული ზომების მასშტაბი იპყრობს ყურადღებას. ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ხელისუფლებას წარსულში გაცილებით მკაცრი შეზღუდვები დაუწესებია, განსაკუთრებით 2019 წელს, კონსტიტუციის 370-ე მუხლის გაუქმების შემდეგ.

გიანეშ კუმარის გადადგომის მოთხოვნით ბოლო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა The Indian Express-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის ორმა სხვა წევრმა, სუხბირ სინგ სანდჰუმ და ვივეკ ჯოშიმ, შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა სიებში, რეგისტრაციის პროცედურებსა და ციფრულ სისტემებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კუმარს გამოძიებაზე საჯაროდ არ უპასუხია. საარჩევნო კომისიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ „განსხვავებული მოსაზრებები“ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილია.

The Guardian-ის თანახმად, უკმაყოფილება მხოლოდ ამ გამოძიებას არ უკავშირდება. სიების „სპეციალურ გადახედვას“ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის რთული პროცედურების გავლას აიძულებს, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს კი გაურკვევლობასა და ბიუროკრატიულ ჩიხში ტოვებს. კრიტიკოსები და ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ პროცესი მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ არის დაგეგმილი.

საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა აშოკ ლავასამ პროცესი უპრეცედენტოდ და უსამართლოდ შეაფასა და თქვა, რომ ის კომისიის ტრადიციულ მიდგომას, ამომრჩეველთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას, შორდება. მისი სიტყვებით: „შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საარჩევნო კომისია საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა, ამომრჩეველთა სიაში ყველა ის ადამიანი შეეყვანა, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება ინდური დემოკრატიისა და სხვა დემოკრატიების მუშაობას შორის, სადაც ამომრჩევლად რეგისტრაციისთვის თავად უნდა მიმართო შესაბამის ორგანოს“. ლავასას თქმით, ამომრჩევლები, რომლებიც მოქნილ პროცედურას იყვნენ მიჩვეულნი, ახლა მტრულ სისტემას აწყდებიან, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს დემოკრატიისთვის საზიანოა.

იოგენდრა იადავის შეფასებით, SIR-ის გარშემო მოვლენებმა უფრო ღრმა პრობლემა გამოავლინა: მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პროცესი. the Guardian-თან მან განაცხადა: „არჩევნები ახლა რეჟიმისთვის ლეგიტიმურობის მინიჭების ერთადერთ დარჩენილ მექანიზმად იქცა, ხოლო საარჩევნო პროცესზე კონტროლის დამყარება მისი გადარჩენისთვის გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ არის გიანეშ კუმარის როლი ასეთი მნიშვნელოვანი“.

იადავმა 2023 წელს მიღებულ კანონზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული ქმედებებისთვის სამართლებრივ იმუნიტეტს ანიჭებს. მისი თქმით, ეს დაცვა მოსამართლეების იმუნიტეტზე უფრო ფართოა. იადავი მიიჩნევს, რომ შემდგომ ეტაპზე საერთო მიზნის გარშემო სამი ძალა შეიძლება გაერთიანდეს: ოპოზიციური პარტიები, ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები. მისი შეფასებით, მთავრობას, რომელსაც უკან დახევის ნიშანი ჯერ არ გამოუვლენია, გადაწყვეტილების მიღება დროთა განმავლობაში უფრო გაურთულდება. „რაც უფრო დიდხანს გადადებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო მაღალი იქნება ფსონები“, – განაცხადა მან.

ორშაბათს კერალამის შტატის საკანონმდებლო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გიანეშ კუმარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი უზენაეს სასამართლოს მიმართეს და მის წინააღმდეგ ზომების მიღება მოითხოვეს.

პროტესტის გაგრძელების პირობა მოძრაობა „კოკროჩმა“ და მემარცხენე სტუდენტურმა ჯგუფებმა დადეს. მემარცხენე სტუდენტურმა ლიდერმა დანიშ ალიმ განაცხადა: „ადამიანებმა შიშით ცხოვრება აღარ ისურვეს. ისინი ისევ და ისევ გამოვლენ ქუჩაში“. მისივე სიტყვებით: „ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ