სამართალი

სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. საქმე სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობას ეხება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ელისაშვილი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს: ლავრენტი მაღლაკელიძე, პაატა სილაგაძე და თეა ლეონიძე.

ელისაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის აცილება მოითხოვეს. მათი არგუმენტით, მაღლაკელიძე 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილე იყო. კოლეგიამ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მაღლაკელიძის განმარტებით, სუსში მუშაობის პერიოდში ელისაშვილთან არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი არ ჰქონია.

მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პროცესზე დასწრების შუამდგომლობა. სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული აქტი სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაულია, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელი შემადგენელი ელემენტია. ომბუდსმენის თქმით, განაჩენის შესწავლით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი ავტომატურად ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.

ელისაშვილის ადვოკატების შეფასებით, ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს გამოაცხადა. პროკურატურა ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დამხმარე შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი მიზანი პროტესტი იყო და არა ტერორისტული აქტის ჩადენა.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. მოგვიანებით ის ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

საქმეზე ანალიზი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადა. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ ვერ შეძლო ტერორიზმის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის დამტკიცება, რაც პოლიტიკოსის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევის საფუძველს ქმნის.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ