ჰერჩინსკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოში ვითარების გაუარესებას განიხილავენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოში ვითარების გაუარესებას განიხილავენ. ელჩმა ეს მედიასთან საუბარში განაცხადა.
ჰერჩინსკის განმარტებით, მინისტრები საქართველოს საკითხს საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ, რადგან ევროკავშირი აშკარად შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. მისი თქმით, შეშფოთება ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიის მდგომარეობას.
ელჩის შეფასებით, დღევანდელ საქართველოში ადამიანები ციხეში მიდიან ტროტუარზე დგომისთვის და „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. მისივე თქმით, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან.
ჰერჩინსკიმ ეს მდგომარეობა უკიდურესად პრობლემურად შეაფასა და თქვა, რომ ამიტომ მინისტრები მომდევნო ორშაბათს საქართველოში ვითარების გაუარესებას კიდევ ერთხელ განიხილავენ.









