ტექნოლოგიები

სტუ-ის სტუდენტების პლატფორმა Exsul-ი TBC Bank-ის რჩეული გახდა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, კონკურს UNI4VERSE – FINEDU 2026-ის ფინალურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პლატფორმა Exsul წარადგინეს. პროექტმა ჟიურისა და პარტნიორი ორგანიზაციების მაღალი შეფასება დაიმსახურა. გუნდს მენტორობას პროფესორი ნონა ოთხოზორია უწევდა.

კონკურსი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, ეროვნული ბანკის FinEdu პლატფორმასთან პარტნიორობით გაიმართა. Exsul-ის განვითარების პერსპექტივით Founder University-ის წარმომადგენლობა დაინტერესდა და გუნდს ბიზნესმენტორინგი შესთავაზა. სტუდენტური გუნდი TBC Bank-ის რჩეულიც გახდა და ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღო.

კონკურსში მონაწილეობას წინ უძღოდა სტუ-ში ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი ეტაპი, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ინოვაციური იდეები და ტექნოლოგიური პროექტები წარადგინეს. 26–30 ოქტომბერს სტუ-ის FabLab-ის სივრცეში მონაწილეებისთვის ინტენსიური ტრენინგები და მენტორული პროგრამა გაიმართა. ის ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას (AI/ML), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, მეწარმეობასა და პროტოტიპირებას მოიცავდა.

ნონა ოთხოზორიას თქმით, Exsul მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) შექმნილი მართვისა და აღრიცხვის სისტემაა, რომელიც ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს მარაგების, შეკვეთების, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ბიზნესანალიტიკის მართვას. მისი კონცეფცია ბიზნესპროცესების ცენტრალიზებული მართვის პრინციპს ეფუძნება.

მირიან ფუტკარაძე ამბობს, რომ Exsul Rust პროგრამირების ენაზეა აგებული, რაც სისტემის მაღალ წარმადობას და რესურსების ეფექტიან გამოყენებას უკავშირდება. პლატფორმა კვანტური შიფრაციის დონის კიბერუსაფრთხოების მექანიზმებს ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია Offline-რეჟიმია: სისტემა ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და 40-მდე მოწყობილობის სინქრონიზაციას გარე სერვერების გარეშე უზრუნველყოფს. პლატფორმა თავსებადია Windows-სა და Android-თან და სრულად ინტეგრირდება RS.ge-სა და TBC Bank-ის სისტემებთან.

დავით გრევეს თქმით, პროექტის კონცეფციის დახვეწაზე, ფუნქციური შესაძლებლობების წარმოჩენასა და ბიზნესპოტენციალის განსაზღვრაზე ნონა ოთხოზორიას მენტორობით იმუშავეს.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ სტუდენტებს მიღწეული შედეგი მიულოცა და ნონა ოთხოზორიას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს შედეგი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიური გარემო, სადაც სტუდენტები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ