თიბისიმ Kong Innovator Awards 2026-ზე Developer Experience-ის ნომინაციაში გაიმარჯვა

ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის გადაეცა, რომელიც API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებასა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებას შეეხებოდა.
პროექტის ფარგლებში თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ახლა პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა აქვთ, ცენტრალური გუნდი კი პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე ორიენტირდა. ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.
განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ბანკის შეფასებით, ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს ქმნის.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, Kong API + AI Summit 2026-ზე, თიბისის წარმომადგენლებმა სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარადგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს აუდიტორიას. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად Spotify-ის, Dell-ის, Prudential-ისა და Ericsson-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.