სტუ-ში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა. პროექტს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო აფინანსებს, კურსი კი ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“ ჩაატარა.
კურსის მიზანი ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა იყო. სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი დავით ბარათაშვილი, ადმინისტრაციის IT განყოფილების უფროსი არჩილ ოდიშელიძე, ფინანსების სფეროს სპეციალისტი თორნიკე სალდაძე და IT ექსპერტი გოჩა წიქარიშვილი, რომელსაც ევროპისა და აშშ-ის წამყვან IT ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს.
ღონისძიება სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა გახსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი მიმართა.
მიქიაშვილმა თქვა: „ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ის კომპეტენციები, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მოხარულები ვართ, რომ ორგანიზაცია „ხელოვნური ინტელექტის თაობასთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ“.
ლეშკაშელის თქმით, კურსის ფარგლებში ოთხი თემატური მიმართულება განიხილეს: ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში, ანუ AI ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსურ პროცესებსა და ანალიტიკაში; პრომპტინგი და AI არქიტექტურა, ანუ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ეფექტიანი ურთიერთქმედება და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები; კოდირების ტრანსფორმაცია, ანუ ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და პროგრამირების თანამედროვე მიდგომებზე; ციფრული ფრონტი და უსაფრთხოება, ანუ ციფრული გარემოს თანამედროვე გამოწვევები, კიბერუსაფრთხოება და ტექნოლოგიური რისკები.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა: „სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის სწავლის, მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებს, ამიტომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების პრინციპების გააზრება. სტუდენტური თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი ინტერესების მხარდაჭერა და ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მათ პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაში დაეხმარება“.
მოწვეულმა სპიკერებმა მონაწილეებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. კურსი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა: მონაწილეებს თემატურ განხილვებში ჩართვისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები, წამახალისებელი საჩუქრები და ვაუჩერი ორგანიზატორებთან ერთად ფაკულტეტის დეკანმა ბორის გითოლენდიამ და დეკანის მოადგილე გოგი აბრამიშვილმა გადასცეს.

