აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის 500 რაკეტის 2.1 მილიარდ დოლარად მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია და მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება. უკრაინა შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
„ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტის შესყიდვის თხოვნით მიმართა. პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.
„შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.



