სამხედრო

Reuters: უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

Reuters: უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროების მიერ ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და დრონებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის გამოყენებული სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა. ამის შესახებ Reuters-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მითითება მიიღო, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი SpaceX-ის სერვისი Starshield შეეზღუდა, კერძოდ, მისი მუშაობის სიჩქარე შეემცირებინა.

ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალურმა პირებმა არ დააკონკრეტეს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში და ვინ იყო პასუხისმგებელი ბრძანების აღსრულებაზე. პენტაგონი Starlink-ის სამხედრო დანიშნულების ვერსიის, Starshield-ის, უმსხვილესი დამკვეთია.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო დანიშნულების Starlink-ის მიმღებებმა მუშაობა შეწყვიტეს, როცა ისინი სწრაფად მოძრავ ობიექტებზე იყო დამონტაჟებული. ამან ხელი შეუშალა იმ უკრაინული დრონების გამართულ მუშაობას, რომლებიც ნავიგაციისა და მართვისთვის ბორტზე დამონტაჟებულ სისტემებში ამ მიმღებებს იყენებენ.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, შეზღუდვებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ძალებსა და ლოგისტიკაზე დარტყმების განხორციელება გაართულა. ასევე შეფერხდა იმ დრონების მუშაობა, რომლებიც რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ