ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობის დამკვეთზე პასუხს ითხოვს

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ითხოვს პასუხს, ვინ დაუკვეთა მისი შვილის მკვლელობა ახალგაზრდებს. მისივე თქმით, თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაიცემა, „გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“.
იზა ომაძემ ეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა. მან ჟურნალისტებსა და მეგობრებს მიმართა, რომ ყველას სათითაოდ ვერ პასუხობს, და სთხოვა, ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე, ძმებ კაკულიებსა და ბესარიონ ჟვანიაზე, არ კონცენტრირდნენ. მისი თქმით, ისინი „არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით“.
„გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში! ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის…. ყველაფერი გაცხადდება!“ - წერს იზა ომაძე.
გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითაა. 2021 წელს მოქმედი რედაქციით, ეს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდებენ. ბესარიონ ჟვანია ძებნაშია.









