სამართალი

ლევან ახობაძის 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყვეს

ლევან ახობაძის 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძეს შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყვეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ ახობაძისთვის შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიება, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. გასულ სხდომაზე სასამართლომ ის 500 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გადასახდელად 30 დღე განუსაზღვრა.

ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. გამოძიების თანახმად, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა და სანაცვლოდ 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ეს არის მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ