გიორგი დავითაძის დედა შვილის რუსთავის მე-6 ციხიდან გადაყვანას ითხოვს

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი კვლავ ითხოვს, რომ მსჯავრდებული რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა ციხეში გადაიყვანონ. დღეს ადვოკატმა მარიკა არევაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც დავითაძემ მას მიაწოდა: ბადრაგებმა პატიმარს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ მის შვილს „პროვოკაციას“ უწყობენ და ემუქრებიან: „როგორც მარიკამ გამოიტანა ეს ამბავი, გიორგი თავის საკანში, რომელიც სულ რაღაც 5 კვადრატულია, ე.წ. კარმუშკას ეძახიან, ორი ბადრაგი დროგამოშვებით, რამდენიმე წუთის ინტერვალით, აღებენ ამ „კარმუშკას“ და აგინებენ უდიერი სიტყვებით გიორგის, მის ოჯახს და ემუქრებიან ბავშვებით, რომ გააქრობენ ბავშვებს. უწყობენ პროვოკაციას ფსიქოლოგიურს და ზეწოლას ახდენენ მასზე. […] სასწრაფოდ მოვითხოვთ, რომ გიორგი გადაყვანილ იქნას მეექვსე პენიტენციური დაწესებულებიდან. ვინაიდან ის ჯალათები ისევ იქ იმყოფებიან და ისევ ახდენენ ზეწოლას“.
დედამ ყურადღება გაამახვილა ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე სამი პატიმრისთვის ბრალდების წარდგენაზეც. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ დავითაძეს პროვოკაციას სპეციალურად უწყობენ, რათა შეხლა-შემოხლა გამოიწვიონ და შემდეგ მას წლები დაუმატონ.
ირმა დავითაძე ამბობს: „გიორგის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხს აგებს ეს მთავრობა, პასუხისმგებლობას აიღებენ თვითონ. […] მე მოვითხოვ კიდევ ერთხელ, დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი გიორგი, რადგან ისევ იმ ჯალათებთან, რომლებიც მხილებული არიან სისტემურ დანაშაულში, რაზეც გაგიჟებულები არიან და ჭკუიდან გადასულები, როგორ გაბედა პატიმარმა და ამხილა ეს სისტემა, აღარ იციან რა ქნან. მე არ მაქვს იმედი, რომ იქ ჩემს შვილს რამეს არ დამართებენ“.
პროკურატურის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე სამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს. საქმე მე-6 ციხეში მომხდარს ეხება. უწყების ცნობით, ბ.ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ჯ.ჯ.-მ და ვ.თ.-მ კი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.
დავითაძის ოჯახის თქმით, პატიმრები დეესკალაციის საკანში დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ პატიმრების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა „კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლების) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.
დავითაძე ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ეს ინფორმაცია მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაავრცელა. ინციდენტი, მისი თქმით, 2025 წელს მოხდა. პროკურატურამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.









