პროკურორი: ოთხმა მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება მოითხოვა

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების დადება ითხოვეს. ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოთხივე მსჯავრდებულმა პროკურატურას წერილობითი განცხადებით მიმართა. თითოეულმა მათგანმა დანაშაული აღიარა და გულწრფელად მოინანია.
პროკურორის განმარტებით, დაახლოებით ორი კვირის ვადაში სასამართლო სხდომას დანიშნავენ, სადაც მსჯავრდებულებთან დადებულ შეთანხმებას დაამტკიცებენ.
„მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათ მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება“, - განაცხადა პროკურორმა.









