კონფლიქტები

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს მომავალი შეხვედრების შესახებ წინადადებები გადასცა

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს მომავალი შეხვედრების შესახებ წინადადებები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მომავალი შეხვედრების შესახებ წინადადებები წარუდგინა და ამ შეხვედრებისთვის მზად არის.

ზელენსკის თქმით, უკრაინა „მუდმივ კომუნიკაციაშია ამერიკულ მხარესთან“.

„ჩვენი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისთვის, უნდა ვეძებოთ მოქმედების შესაბამისი ვარიანტები. უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის. უკრაინამ მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის საკითხში. რუსეთიც უნდა იყოს ამ შეთანხმების ნაწილი. უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი წინადადებები ჩვენი შესაძლო მომავალი შეხვედრების, მომავალი მოლაპარაკებების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა უახლოეს დღეებში შესახვედრად მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში შევხვდეთ და ეს წინადადება ჩემი გუნდის მეშვეობით სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს გადავეცი. უკრაინული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულ მიდგომას ირჩევს და ჩვენი პოზიციები ყოველთვის აბსოლუტურად ნათელია და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის დაცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის მომლაპარაკებელ გუნდსა და ევროპის წარმომადგენლებს გასულ შაბათ-კვირას მაიამიში შეხვდნენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ