კონფლიქტები

ზელენსკი: რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბალისტიკური დარტყმა მიზანმიმართულად მიაყენა

ზელენსკი: რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბალისტიკური დარტყმა მიზანმიმართულად მიაყენა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მიზანმიმართული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ დარტყმა სწორედ იმ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოიცავდა.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში მდებარე ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა.

„დარტყმა სრულად განზრახული და მასშტაბის მხრივ დემონსტრაციული ხასიათის იყო - რუსეთს შეერთებული შტატების მიმართ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა აქამდე არასდროს გამოუვლენია. რუსეთი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს არ მიიჩნევს ძლიერად. სამწუხაროდ, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სულ მცირე 600 000 ადამიანი. შესაძლოა, გათიშვები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა ობიექტები და აღჭურვილობა - ჩვენი ენერგოსისტემის 26 და ნავთობისა და გაზის სექტორის ოთხ ობიექტზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ამერიკას და მსოფლიოში ყველას, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, მოახდინონ რეაგირება - თანაც მტკიცე რეაგირება. რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შანსი და აშკარად აირჩია განადგურებისკენ მიმართული თავისი გიჟური ომის გაგრძელება. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, დაუწესოს რუსეთს მკაცრი სანქციები, მით უმეტეს, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა და კანონად იქცა, სწორედ ასეთი ზომების გატარების უფლებას იძლევა და მათ არეგულირებს“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს გააჩნია ყველა ქმედითი და აუცილებელი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ძალის, სამართლიანობისა და აგრესორზე ზეწოლის გზით მშვიდობა შესაძლებელი გახადოს.

„ვითხოვთ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით პაკეტებს უკრაინისთვის. სრულიად სამართლიანია, როდესაც შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ჩვენს ყველა პარტნიორს ვეუბნებით, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს პირისპირ მარტო ისეთ შეშლილ და ომის მომხრე აქტორთან, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ