ბიზნესი

სანქცირებული „იმედის“ წილები გასხვისდა, ნათია სონღულაშვილი მფლობელი აღარ არის

სანქცირებული „იმედის“ წილები გასხვისდა, ნათია სონღულაშვილი მფლობელი აღარ არის

სანქცირებული ტელევიზია „იმედის“ მეწილეებმა, ვასილ კალანდარიშვილმა და ტელევიზიის მოქმედმა საინფორმაციოს ხელმძღვანელმა ნათია სონღულაშვილმა, თითოეულმა საკუთარი 10-პროცენტიანი წილი სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად გაყიდა. მეწილეებს ჩაეხსნა 50-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალიც“.

ახალი გადანაწილებით ტელევიზია ოფიციალურად ოთხ პირს ეკუთვნის: მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძეს, მაია ჩიგოშვილსა და მაგდა ანიკაშვილს. თითოეული მათგანი 25-25 პროცენტს ფლობს. მაგდა ანიკაშვილი „იმედი LIVE“-ის წამყვანია, ირაკლი ჩიხლაძე კი „იმედის კვირის“.

„იმედი“ ირაკლი რუხაძემ თებერვალში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებამდე ორი კვირით ადრე, 1000 ლარად გაყიდა. მაშინ ტელევიზიის მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალი“ გახდა.

15 ოქტომბერს კიდევ ერთი სანქცირებული ტელევიზიის 52-პროცენტიანი წილი, ასევე 1000 ლარად, ვიქტორ ჯაფარიძემაც გაასხვისა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ