იმედი L და Travelity ტურისტულ კომპანიებს ციფრულ პლატფორმას გააცნობენ

იმედი L პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებისთვის ციფრული ინსტრუმენტების გაცნობას აგრძელებს. ონლაინ შეხვედრების სერიაში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც ტურისტული ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს და სამუშაო დროის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში ეხმარება.
27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, Travelity-ის გუნდი მონაწილეებს ციფრულ პლატფორმას გააცნობს. ის ტუროპერატორებს, ტურისტულ სააგენტოებსა და DMC კომპანიებს ტურების, სამოგზაურო პაკეტებისა და ჯავშნების ერთ სივრცეში მართვის საშუალებას აძლევს.
პლატფორმა აერთიანებს ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ და მათთან კომუნიკაციას, ასევე ამარტივებს ტრანსფერების, განთავსებების, გიდებისა და მძღოლების კოორდინაციას. მასში ჩაშენებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი მოგზაურებს შესაფერისი მარშრუტების შერჩევასა და ჯავშნის გაფორმებაში ეხმარება.
„იმედი L-ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს არა მხოლოდ სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ, ასევე ხელი შევუწყოთ თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ინსტრუმენტების დანერგვაშიც. გვჯერა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებს ახალი იდეების განხორციელებასა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება“, - აცხადებენ იმედი L-ში.
ვებინარი „როგორ გავამარტივოთ ტურისტული ბიზნესის მართვა?“ ინგლისურ ენაზე, Google Meet-ის პლატფორმაზე გაიმართება. იმედი L-ის პარტნიორი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს რეგისტრაცია შეუძლიათ ბმულზე: imedil.info/imediL-webinar.








