სახალხო დამცველი ვეტერანის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველმა 17 ოქტომბერს აღსანიშნავ ვეტერანის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენის შეფასებით, ვეტერანთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მადლობას უხდის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სამშობლოს დაცვისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. ამასთან, მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და დამსახურებულ დაფასებას უსურვებს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ვეტერანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, სათანადო სოციალური დაცვისა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვეტერანთა უფლებების დაცვას, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენასა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას. უწყება იმედოვნებს, რომ ვეტერანთა ღვაწლის სათანადო დაფასება და უფლებების დაცვა სახელმწიფოს მუდმივ პრიორიტეტად დარჩება.









