ეპისკოპოსი გიორგი ციფრულ ფულს პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხედ აფასებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ციფრულ ფულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, ციფრული ფული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს შეიცავს.
ეპისკოპოსის თქმით, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას.
პოსტში ის წერს: „როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაამტკიცა ციფრული ფულის შემოღების საკითხი.
ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და ხალხის აზრი სათანადოდ არ ისმის, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს. არცერთი ტექნოლოგიური სიახლე არ უნდა დაინერგოს საზოგადოების ინფორმირებისა და ღია, ფართო განხილვის გარეშე.
ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს.
სახელმწიფოსა და ეკლესიის ,საზოგადოების ვალია, დაიცვან ადამიანის თავისუფლება, შეინარჩუნონ ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობა და არ დაუშვან ტექნოლოგიური პროგრესის ადამიანის ღირსებაზე მაღლა დაყენება.
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას.
ადამიანის თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უფლებაა და არა სახელმწიფოსაგან მინიჭებული პრივილეგია“, – წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.
პარლამენტმა პირველი მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა. ცვლილება ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას.









